- შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცლებს.
“სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი ჩხრეკისას, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული – 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

