- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზაჰესის დასახლების მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ქარხნული წარმოების ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე. მათივე ცნობით, ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
„ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის მასშტაბით უკანონო სახერხი საამქროების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანაა.
გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგად ბოლო წლებში თითქმის ყველა რეგიონში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტებისა და დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების რაოდენობის შემცირება შეინიშნება“, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

