- საქართველოს კულტურის მინისტრმა, მაია ბითაძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელებს ახალი გენერალური დირექტორი, ზაზა კვიციანი წარუდგინა.
ზაზა კვიციანს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სააგენტოს გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე იგი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მაია ბითაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სააგენტოს მნიშვნელოვან როლზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების, პროფესიული გუნდის გაძლიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით დასახული ამოცანების განხორციელების მნიშვნელობაზე.
მინისტრმა სააგენტოს თანამშრომლებსა და ყოფილ ხელმძღვანელს, რომელიც საქმიანობას პირველი მოადგილის რანგში გააგრძელებს, მადლობა გადაუხადა, ზაზა კვიციანს კი, ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
სააგენტოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მოადგილე თამარ შარაშიძე.
ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს

