- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს.
უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.
პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება 6 სექტემბრიდან – 6 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.
განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი სამების ქუჩა N1; რუსთავი, კოსტავას ქ.N20; ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@idp.gov.ge
პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დეპარტამენტს – 032 2 14 02 41; 032 2 14 02 43.