- თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე – „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია იწყება.
მისი თქმით, პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ეხმარება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით გადამზადებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებაში.
„ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ეძებს სამსახურს და პარალელურად, არის ბიზნესსექტორი, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები. ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც თავიანთ საქმიანობას სხვადასხვა სფეროში ახორციელებენ. გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით არის კადრების ნაკლებობა. შესაბამისად, მოქალაქეებს ვაძლევთ საშუალებას, გადამზადდნენ, აიმაღლონ კვალიფიკაცია, პარალელურად კი ვეხმარებით დასაქმებაში. ასევე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მუდმივად ხორციელდება კურსების განახლება. მიმდინარე სემესტრში პროგრამას 22 ახალი პროფესიული კურსი დაემატება“, – განაცხადა კახა კალაძემ

