ლიტერატურული კონკურსის „მუზა“ გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოვლინდებიან

  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2021 წელს დაფუძნებული ლიტერატურული პრემიის „წლის საუკეთესო“ კონკურსის წარმატებიდან და მის მიმართ მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს კონკურსი განახლებული სახით განხორციელდება.

უწყების ცნობით, ამიერიდან, კონკურსი ახალი სახელწოდებით – „მუზა“ ჩატარდება, რომლის სიმბოლო მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზა“ იქნება.

კონკურსის განახლებულ პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის თანამშრომელმა, კონკურსის კურატორმა, ალექსანდრე გრიგალაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

კონკურსი ყოველწლიურად, სექტემბრის თვეში გამოცხადდება და მისი მიზანია: ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა.

აღსანიშნავია, რომ „წლის საუკეთესოს“ ფარგლებში დაწესებული 4 ნომინაციის ნაცვლად, მიმდინარე წელს კონკურსის „მუზა“ გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოვლინდებიან.

ლიტერატურული კონკურსის „მუზა“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

წლის საუკეთესო რომანი;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული;

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე;

წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა);

წლის საუკეთესო თარგმანი;

წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია;

წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება;

წიგნის საუკეთესო დიზაინი;

წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი;

ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

“10 სხვადასხვა ნომინაციისთვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრირებულ გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს, ასევე საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. რაც შეეხება მე-11 ნომინაციას – „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, კონკურსში მონაწილე საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრირებული გამომცემელი/საგამომცემლო სახლი უნდა იყოს.

თითოეულ ნომინაციაში (გარდა „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“) განიხილება მიმდინარე წელს წიგნად გამოცემული, ან ამავე წელს შექმნილი და ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი, ქართულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოები/ები, კრებულები, წიგნად გამოცემული, ან/და პერიოდულ გამოცემაში გამოქვეყნებული ლიტერატურული კრიტიკა/რეცენზია, პიესა, ქართულენოვანი ლიტერატურული თარგმანი და გამოცემული წიგნის დიზაინი. თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ ერთი ავტორის მიერ შექმნილი ნაწარმოები, კრებული, წიგნის ქართულენოვანი თარგმანი, ლიტერატურული კრიტიკა/რეცენზია, წიგნის დიზაინი ან ინოვაციური ლიტერატურული პროექტი. კონკურსი არ ვრცელდება სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურაზე.

დებულების თანახმად, ნომინაციებში: „წლის საუკეთესო რომანი“, „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“, „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“, „წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე“, „წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა)“, „წლის საუკეთესო თარგმანი“, „წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია“, „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება“, „წიგნის საუკეთესო დიზაინი“, „წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი“ გამარჯვებულად ცხადდება კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნაწარმოების, კრებულის, თარგმანის, კრიტიკის/რეცენზიის, დიზაინის ან პროექტის ავტორი, ხოლო ნომინაციაში „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ გამარჯვებულად ცხადდება ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ავტორი/ლიტერატორი.

კონკურსის თითოეულ ნომინაციაში დასაშვებია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის წარმოდგენა. ერთი და იმავე პირის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისათვის. კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისია.

გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით (კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარდა).

საკონკურსო განაცხადები მიიღება ქართულ ენაზე, 2022 წლის 19 სექტემბრიდან 2022 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათამდე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მატერიალური სახით, მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ან ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: info@culture.gov.ge

კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 032 2 022229, ან მობ: 599 877 816.

კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში”.-აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.