- საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანის გაჩერების ადგილთან დაკავშირებული სიტყვიერი შელაპარაკების გამო, ბრალდებულებმა ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა კონფლიქტის მონაწილეთა გასაშველებლად ადგილზე მისულ მამაკაცზე.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”-აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

