- საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ – აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა.
“მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება.
კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას, შესაძლოა, გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე…
აქ არის ორი მიმართულება, ერთი ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება. ეს რჩება ისე, როგორც არის, ბევრი ფაქტორის და მიზეზის გამო. დარჩება ისევე მკაცრი რეგულირების ქვეშ, როგორც არის“, – აღნიშნა კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მზად არიან, დაინტერესების შემთხვევაში მოისმინონ არგუმენტები და გასცენ კითხვებს შესაბამისი პასუხები.
„სუროგაცია სრულად იკრძალება. საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია, მზად ვართ, მოვისმინოთ ეს მწვავე და მძაფრი რეაქცია, შევიდეთ დისკუსიაში და გავცეთ პასუხი. საინტერესო იქნება, რა არგუმენტები ექნებათ მწვავე რეაქციის ავტორებს. ზოგადად, ეს სფერო იმდენად კომერციული გახდა და ის რისკები, რაც ჩამოვთვალე ამ ძალიან მოკლე ტექსტში, კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და ბევრ დეტალს დროთა განმავლობაში გაიგებთ. პრაქტიკაზე როცა ვსაუბრობთ, თითქმის არ არსებობს ქვეყანა, ყველა ქვეყანაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც რომ ავიღოთ, აკრძალულია სუროგაცია, ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული“, – განაცხადა კირცხალიამ.

