სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

  • სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს:

2022 წლის 31 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, კლინიკა „ვივამედის“ მიერ ჩატარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა ლაბორატორია „მრჩეველში“. 2022 წლის 10 ივნისს მიღებული შედეგების მიხედვით, ყველა მაჩვენებელი იყო ნორმაში.

2022 წლის 19 ნოემბერს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა 2022 წლის 21 ნოემბერს აღნიშნა მითითებულ განცხადებასთან დაკავშირებით, არასდროს არც ერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ ეჭვი ჰქონდა მოწამვლაზე და ამ თემაზე სპეკულაციებს უწოდა „უადგილო“.

2022 წლის 21 ნოემბერს მსჯავრდებულის სავარაუდო მოწამვლის თაობაზე განაცხადა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, რომელსაც არ სჯეროდა, რომ აღნიშნული „პოსტი“ დაწერილი იყო მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ, რადგან მას ამის შესაძლებლობას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა. თუმცა, მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ ამ ადვოკატმა მალევე დაადასტურა განცხადების ავთენტურობა.

2022 წლის 22 ნოემბერს, პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, პენიტენციურმა სამსახურმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართა სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, რაზეც მიღებულ იქნა თანხმობა. ამის შემდეგ 2022 წლის 24 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფო უწყებამ, მსჯავრდებულს შესთავაზა კვლევის ჩატარება, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობას.

2022 წლის 2 დეკემბერს ტვ „პირველის“ ეთერით გავრცელდა მცირე და არასრული ამონარიდი ცენტრ „ემპათიას“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნიდან, რომელიც, მათივე მოთხოვნით, არის კონფიდენციალური, რაც მიზნად ისახავდა სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს მსჯავრდებული მ. სააკაშვილი იყო მოწამლული. მსგავსი ტიპის მიზანმიმართული, დესტრუქციული ქმედება ემსახურება მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებას და მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე კონფიდენციალური დასკვნის შესახებ, რომლის გარკვეული ნაწილები, ასევე, ორკესტრირებულად გასაჯაროებული იყო ტვ „ფორმულას“ მიერ, უნდა იმსჯელოს სასამართლომ. სიტუაციის ხელოვნურად დამძიმება წარმოადგენს სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნის კიდევ ერთ დამატებით მცდელობას, რაც სასამართლოზე ზეწოლის თვალსაჩინო მაგალითია.

კატეგორიულად მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს საკუთარი მოთხოვნით კონფიდენციალურად ცნობილი, დასკვნის ფრაგმენტული მონაკვეთების გამჟღავნებისგან, პატივი სცეს საზოგადოებას და კონსტიტუციურ წესრიგს“, – ნათქვამია განმარტებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *