- საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი ხედვები არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი.
“ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია ქართველი ხალხის გვერდით დგას, მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამიტომ, ღრმად ვარ შეშფოთებული ამ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის, იმგვარი კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც რუსული კანონების მსგავსად ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცეს.
ახლახან ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეიბღალა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა, გააუქმოს კანონები, როგორიცაა ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის კანონი,” რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაუყოვნებლივ დაიწყოს არჩევნების სანდოობასთან დაკავშრებით ინკლუზიური დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება.”