თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩების ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

  • მთაწმინდის რაიონში, ე.წ. კადეტთა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე – თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩების კვეთასთან, წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 იანვრის 06:00-დან 23 იანვრის 07:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

„თაბუკაშვილის ქუჩიდან ინაშვილის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარი ბროსეს ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით, ინაშვილის ქუჩიდან კი, მძღოლები თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან და შემდეგ, მესხიას ქუჩასა და რუსთაველის გამზირს დაუკავშირდებიან.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ბროსეს ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ქუთათელაძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო რუსთაველის გამზირიდან ლაღიძის ქუჩის მიმართულებით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე და უკუმიმართულებით.

სამუშაოების გამო, მიკროავტობუსი N528 იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის გავლით, რის შემდეგაც, დაუკავშირდება ჯავახიშვილის ქუჩას და გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მარცხნივ მოხვევით, დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ქუჩას და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *