თავდაცვის სამინისტრო 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 4-წლიან საკონტრაქტო სამსახურში ასევე იწვევს საქართველოს მოქალაქეებს 18-დან 45 წლის ჩათვლით, სხვადასხვა სპეციალობაზე დასანიშნად – მძღოლებს (მათ შორის, სპეც. ტექნიკის), ლოჯისტიკის სპეციალისტებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, საინჟინრო და ქიმიის მიმართულების სპეციალისტებს, ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებს. აღნიშნულ სპეციალობებზე დასანიშნი პირები გაივლიან საწყისი საბრძოლო მომზადების მოკლე კურსს და სამხედრო კარიერას ქვედანაყოფებში სპეციალობების მიხედვით გააგრძელებენ.

რიგითის საწყისი ხელფასი 1530 ლარს შეადგენს. ანაზღაურება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით იზრდება. ერთჯერადი დანამატი პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 5 000 ლარი (ხელზე ასაღები), ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები): 2-წლიანი კონტრაქტისას 3 000 ლარი, 4-წლიანი კონტრაქტისას 8 000 ლარი.

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს, როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორში.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებისთვის (მეუღლე, შვილი) სთავაზობს სწავლის თანადაფინანსებას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მინისტრის სტიპენდიას სემესტრულად 750 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე).

აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეს, როგორც სერჟანტთა, ასევე ოფიცერთა შემადგენლობაში პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა ექნება. ასევე, უწყება მათ სთავაზობს უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული და რუსული) შესწავლას და საკარიერო კურსებში მონაწილეობას საზღვარგარეთ (ევროპაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში).

საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ დამატებით პროფესიას – ელექტრიკოსი, ელექტრორკალური შემდუღებელი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის სპეციალისტი, ავტომობილის შემკეთებელი (ელექტროტექნიკოსი), დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი, როგორც თავდაცვის ძალებში არსებულ სასწავლებლებში, ასევე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით სამოქალაქო კოლეჯებსა და პროფესიული მომზადების ცენტრებში.

რეგისტრაცია წარმოებს ონლაინ – mod.gov.ge/onlinebct.mod.gov.ge ასევე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. 032 2 79 02 00; 032 2 75 26 44; 595 05 06 73; 595 06 03 44,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *