ირაკლი ღარიბაშვილი-მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა

  • მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსით, საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.

“რამდენიმე ხნის წინ გამოქვეყნდა განახლებული მმართველობის კეთილსინდისიერების ინდექსები. ეს არის მსოფლიო ინდექსები, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის, შეიძლება ითქვას, ნომერ პირველი ანალიტიკური ცენტრის The Heritage Foundation- ის გამოკვლევით. საქართველო, მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. მეორე, ეს არის ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის, სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. მე მინდა ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი. მინდა ასევე გითხრათ, რომ შედარებისთვის, წელს უკვე აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ. რამდენიმე ქვეყანა შემიძლია ჩამოვთვალო, ესენია: კვიპროსი, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, იტალია, მალტა, სლოვაკეთი, საბერძნეთი, ხორვატია, მონტენეგრო, ბულგარეთი, რუმინეთი და ა.შ., აღარ გავაგრძელებ. შედარებისთვის, მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს, მაშინ, როცა მთელ მსოფლიოს ეუბნებოდნენ და ჩვენს ხალხს ეუბნებოდნენ, თითქოს ნომერ პირველი სახელმწიფო ვიყავით რეფორმებითა და შესრულების მხრივ ინდიკატორებით, 69-ე ადგილზე ვიყავით, აი, ამ ინდექსის მიხედვით. არავითარ საუკეთესო ოცეულზე საუბარი არ იყო მაშინ. ეს უბრალოდ შედარებისთვის და ინფორმაციისთვის, კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას „ – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი წარმატებაა გლობალური მშვიდობის 2022 წლის ინდექსი, რომლის მიხედვითაც, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

“მეორე მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი მთავრობის ათწლიანი პოლიტიკის აღიარება, – გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზე დასახელდა. ესეც სერიოზული აღიარებაა. ამ კვლევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და მეორე ადგილზე დასახელება ჩვენი ქვეყნის, არის მართლაც აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე ათი წელია ატარებს ჩვენი ხალხისა და მათი ინტერესების დასაცავად. შედარებისთვის აქაც მინდა გავიხსენო, რომ 2012 წელს ამ რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, საუბედუროდ, იყო უკანასკნელ ოცეულში, ანუ 163 ქვეყანას შორის 140-ე ადგილზე. ამხელა პროგრესი გვაქვს, სწორედ ისევ და ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი გუნდის, მის მიერ დატოვებული „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი,“-განაცხადა პრემიერმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *