ირაკლი ღარიბაშვილი-უკრაინაში რაც ხდება არის აბსოლუტურად მიუღებელი

  • ბუნებრივია, ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს, მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი გულისტკივილი გამოვხატო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი გულისტკივილი გამოვხატო. უკრაინაში რაც ხდება არის აბსოლუტურად მიუღებელი. უკრაინაში შეჭრა და იქ სამხედრო მოქმედებების წარმოება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი და იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და წესებს. ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია, გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა პოლიტიკურ დონეზე.

ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ დღეს დილით ჩემი გადაწყვეტილებით, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინულ მხარეს. ამასთანავე, უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან თბილისში და ვერ დაბრუნდნენ სამშობლოში, მათაც მიეწოდებათ ყველა სერვისი უფასოდ.

ყველა საერთაშორისო ფორმატში და დონეზე, იქნებოდა ეს ეუთოს მინისტერიალი თუ გაეროს ფორმატში, ყველა დონეზე გამოვხატეთ მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ჩემი დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო მონაწილეობა ეუთოს მინისტერიალში და საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დოკუმენტს, რითაც კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ჩვენი სოლიდარობა ვაჩვენეთ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს. ასევე ჩვენ მხარი დავუჭირეთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის უფლების შეჩერების შესახებ. ასევე, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას საქართველომ 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, თანასპონსორობა გაუწია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *