კობახიძე სააკაშვილზე: დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია

  • დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია, თუმცა, როგორც ჩანს, ამასაც სჭირდება ნიჭი და ეს იყო ძალიან უნიჭო სიმულაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვას.

“რაც შეეხება მის ვიზუალს, ის არაფრით განსხვავდება იმ კადრებისგან, რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ, რაც იყო ორი დღით ადრე გადაღებული. ის არის შერჩევით კვებაზე, რამაც გამოიწვია წონაში კლება. მას აქვს გაკეთებული კუჭის ოპერაცია, რამაც ასევე გამოიწვია წონის კლება – ეს არის ერთადერთი, რასაც ამ ვიზუალიდან ვხედავთ.

რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებებს, ეს უნდა იყოს დადასტურებული დიაგნოზით და ვერცერთი დიაგნოზი ვერ გამოაქვეყნეს. ეს კი ადასტურებს იმას, რომ საქმე გვაქვს ცალსახად უნიჭო სიმულაციასთან, რაც დღეს ვიხილეთ სატელევიზიო ეთერში. მან უნიჭოდ მოაწყო სიმულაცია. როდესაც საქმე ეხება რაიმე სამართლებრივ პროცედურას, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შესაბამისმა უწყებამ სამართლებრივი კრიტერიუმით, რაც პირველ რიგში არის დიაგნოზი და არავითარი დიაგნოზი არ აქვთ. პირდაპირ აღმოჩნდა, რომ გააგზავნეს რაღაც მონაცემები ამერიკაში და იქიდან მანიპულირებული მონაცემები ჩამოვიდა. სინამდვილეში, არანაირი მოწამვლა არ ყოფილა. როგორც გახსოვთ, მთელ მსოფლიოში დაატრიალეს შეკვეთილი სტატიები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი არის მოწამლული. გაირკვა, რომ იგივე დასკვნის თანახმად, არავითარი მოწამვლა არ არის. ასეთი მარტივი „ფეიკებით“ და მანიპულაციებით ცდილობენ ფონს გასვლას.

სააკაშვილზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო უწყებები იღებენ და სწორედ ამიტომ ის არის ზრუნვის ქვეშ. თქვენ ნახეთ კადრები, თუ როგორ ზრუნავს მასზე სამედიცინო პერსონალი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხრიდან არის აბსოლუტურად უღირსი დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალის მიმართ. ზრუნვა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა – როგორი მძიმე დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი პატიმარს და იცით, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობაა, იმოქმედოს ადამიანის უფლებების შესაბამისად და იუსტიციის სამინისტრო სწორედ ამას აკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *