კულტურის სამინისტრო მაქსიმ გალკინისა და ანდრეი მაკარევიჩის კონცერტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • კულტურის სამინისტრო მაქსიმ გალკინისა და ანდრეი მაკარევიჩის კონცერტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ზემოხსენებულ ხელოვანებს უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, ვინაიდან ძველი სპორტის სასახლე არ გახლავთ კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, იგი კერძო საკუთრებაა უკვე მრავალი წელია.

შესაბამისად, კერძო კომპანიის ქონებაში კონცერტის ჩატარების საკითხი ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას.

რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს ევრობასკეტს. ზემოხსენებული კონცერტების ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ.

აქვე შევახსენებთ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ ტელევიზიებს, რომ ახალი სპორტის სასახლე უკრაინისადმი მიძღვნილი გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა.

შესაბამისად, ფუჭია ყოველგვარი მცდელობა კულტურის სამინისტროს გარშემო სკანდალის მოწყობისა და მოცემული სათუთი თემით მანიპულირების მიზნით“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *