ოკუპირებულ აფხაზეთში “ჯაშუშობისთვის” დააკავეს გალიდან დევნილი ქალი

  • ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბრალად ედება „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა“. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მიერ 25 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 1998 წელს დაბადებული ქრისტინე თაკალანძე 20 ივლისს დააკავეს.

ამავე სამსახურის თანახმად, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მკვიდრ ქრისტინე თაკალანძეს არ აქვს „აფხაზეთის მოქალაქეობა“, საქართველოს მოქალაქეა და ზუგდიდში ცხოვრობს. ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, ქრისტინე თაკალანძე „დაკავებული იყო საკუთარი დანაშაულებრივი განზრახვის რეალიზაციით, რაც მიმართული იყო აფხაზეთის სახელმწიფო, სამხედრო და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის მიღების, შეგროვების და საქართველოს სპეცსამსახურებისთვის გადაცემისკენ“.

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მისმა „საგამოძიებო განყოფილებამ სამხედრო პროკურორის თანხმობით, ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით“.

ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულია ვიდეომასალა, სადაც ჩანს დაკავებული ახალგაზრდა ქალი და მისთვის ჩხრეკისას ჩამორთმეული მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა და ქართულად დაწერილი ბარათი. ამ ბარათზე კარგად ჩანს სიტყვები: „თუ წახვედი გალში, ან ზუგდიდში, ეს წამალი მომიტანე“ და წამლის სახელწოდება.

ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი არაერთი ქართველი ამჟამად ზუგდიდში ცხოვრობს და პერიოდულად გალში ჩასვლას ცდილობს. ხშირია შემთხვევები, როცა ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს ოკუპირებულ რაიონში დარჩენილი ოჯახის წევრებისთვის ჩააქვთ საჭირო მედიკამენტები და სხვა პროდუქტი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალაგზრდა ქალის უკანონოდ დაკავება დაადასტურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუს). რადიო თავისუფლებას სუს-ში მხოლოდ ის უთხრეს, რომ “გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ჟენევის მოლაპრაკებების თანათავმჯდომარეები”.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *