პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს – დაკავებულია 6 პირი.

დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება ედებათ ბრალად.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ვ. და 1993 წელს დაბადებული ჯ.დ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით არის დაკავებული 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.კ.

პოლიციამ, ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული ს.ი., ახალქალაქში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ს.ი.-ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 186 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

1980 წელს დაბადებული ჯ.ვ. კი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დააკავებული. სამართალდამცველებმა სიღნაღში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაც შეეხება, 1989 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს, იგი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება ედება. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა რევოლვერი და 22 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”.-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *