პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები გახსნა

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყოფილი ცოლისა და მისი მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაულები 16 – დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ყოფილ მეუღლეს – 1988 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ი.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ი.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *