პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში მიღებული უკანონო შემოსავლის საქართველოში გათეთრების მიზნით, მასთან აფილირებული პირის სახელით, საქართველოში 132 000 აშშ დოლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინა შეიძინა, რაც შემდგომში ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა და მიღებული 68 900 ევრო, აფილირებული პირის საბანკო ანგარიშის გამოყენებით, საზღვარგარეთ, ბრალდებულის პირად საბანკო ანგარიშზე გადაიგზავნა.

მოგვიანებით, ბრალდებულმა უძრავი ქონება გადააფორმა პირველადი ფიქტიური მესაკუთრის დედის სახელზე, რითაც დამატებით შენიღბა უკანონო შემოსავლით შეძენილი ქონების რეალური მესაკუთრის ვინაობა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული, უკანონო შემოსავლით შეძენილი საცხოვრებელი ბინის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.”-აღნისნულია ინფორმაცაიში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *