საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტებზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ორი თანამშრომელი დააკავა

  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის აპრილის თვეში, ქრთამის აღების ფაქტებზე, სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი სამოქმედო სატყეო უბნებიდან მიწის ნაყოფიერი ფენის უნებართვოდ მოპოვებისა და გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამის სახით მოსთხოვეს და მიიღეს ფულადი თანხები, რა დროსაც მოხდა მათი მხილება.

აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *