სასამართლომ ოთხი პირი დამნაშავედ ცნო

  • საქართველოს პრეოკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტებზე, სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი საბაჟო საწყობი კანონმდებლობის უხეში დარღვევით ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით – 4 443 433 ლარის შემოსავლის მიღება, ხოლო აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფოს – 978 004 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

საბაჟო საწყობის ხელმძღვანელი პირები, კომპანიის კუთვნილ არასაბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 571 304 ლარის საბაზრო ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს. ბრალდებულებმა, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოსატანად მოამზადეს 184 131 ლარის საბაზრო ღირებულების სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რომელიც სამართალდამცველებმა დროულად ამოიღეს.

პროკურატურამ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და 18-214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა), ხოლო იურიდიულ პირს – სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) წარუდგინა.

სასამართლომ ოთხივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ორ პირს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთ-ერთი მსჯავრდებული, ასევე ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ, ჯგუფურად ჩადენილი, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე და ამჟამად, ბრალდების საქმე არსებითად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, კიდევ ერთ ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც ამ უკანასკნელს 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, 2 წელი კი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

რაც შეეხება იურიდიული პირს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საწარმოს სასჯელის სახედ 25 000 ლარი ჯარიმა და ლიკვიდაცია განესაზღვრა. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ მიმდინარეობს ხსენებული საწარმოს შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *