ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, 28 ოჯახს კი სასტუმროებში გადაიყვანენ

  • თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგრადობა შეამოწმა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კორპუსის მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, დანარჩენი ნაწილი კი საცხოვრებლად ვარგისია.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრობლემურია უშუალოდ ის სადარბაზო, რომელშიც აფეთქება მოხდა, და მის გვერდით არსებული სადარბაზო. მისივე თქმით, კორპუსის დანარჩენ ნაწილში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ, ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ.

„ჩვენ თავიდან გვქონდა მზაობა, რომ მთელ კორპუსში მცხოვრები 90 ოჯახი გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროებში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის. მხოლოდ 28 ოჯახზეა საუბარი. ასზე მეტი ადამიანია, რომლებთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, ორი პრობლემური სადარბაზოს 28 ოჯახი -ასზე მეტი ადამიანი -სასტუმროებში გადანაწილდება, ხოლო შემთხვევის ადგილზე შესაბამისი უწყებებისა და მერიის სამსახურების წარმომადგენლები რჩებიან, სადაც ტექნიკაა მობილიზებული და სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *