“ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის“ გამარჯვებული სკოლები გამოვლინდნენ

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სასკოლო კონკურსის – “ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის“ გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა. მინისტრმა მოსწავლეებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი ამილახვარი: „უმნიშვნელოვანესია ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების შესარიგებლად, ჩვენს შორის ხიდების აღსადგენად, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში გამოაცხადა კონკურსი “ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი”. კონკურსში უამრავი სკოლა ჩაერთო – მოსწავლეებისგან და მასწავლებლებისგან იყო ძალიან დიდი ინტერესი და გამოხმაურება. დღეს კი გამოვავლინეთ გამარჯვებული პროექტები, მათ შორის პირველი ადგილი აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მიერ წარდგენილმა პროექტმა დაიკავა, რაც ალბათ სიმბოლურიც არის.

მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო განათლების ნაწილში ფართოდ იყოს გაშლილი აფხაზეთის ისტორია და კულტურა, რათა ბავშვებმა არ დაივიწყონ ის ტრადიციები და ურთიერთობები, რაც ჩვენს შორის არსებობდა და არსებობს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ მომავალში ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გაერთიანდება.“

სასკოლო კვირეული საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა. სამინისტროში წარმოდგენილი 445 საკონკურსო ნამუშევრიდან, ჟიურის მიერ, სულ 13 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა.

I საპრიზო ადგილი აფხაზეთის პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვა.

II ადგილზე თბილისის 149-ე საჯარო სკოლა გავიდა.

III ადგილი სკოლამ „ლომისი-1″ დაიკავა.

I, II, III საპრიზო ადგილების გარდა, ჟიურის მიერ დაწესებული ნომინაციით, კონკურში გამარჯვებული კიდევ 10 სკოლა გახდა. თითოეულ სკოლას დიპლომებთან ერთად სხვადასხვა პრიზი გადაეცა.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *