ცესკო-2 ნოემბერს გადათვლილი 58 საარჩევნო უბნის მონაცემების თანახმად, 44 უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, 14-ზე კი მცირედით შეიცვალა

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2 ნოემბერს კიდევ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები ხელახლა გადაითვალა. გადათვლილი 58 უბნის მონაცემების მიხედვით, 44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო 14-ზე მცირედით შეიცვალა, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“გადათვლილი 58 უბნის მონაცემების მიხედვით, 44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო 14-ზე მცირედით შეიცვალა. მათ შორის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა 6 ხმა და დაემატა 3, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დააკლდა 5 და დაემატა 39, „გახარია – საქართველოსთვის“ დააკლდა – 34 ხმა. გადათვლებს არათუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე.

აღნიშნული 58-დან 52 უბნის მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს მიმართვის საფუძველზე გადათვალეს, რომლის თანახმადაც არჩევნების მეორე ტურზე, ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არარსებობის გამო, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უნდა შერჩეულიყო 2-2 უბანი და გადათვლილიყო, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლები იყო, ავტომატურად გადათვლილიყო ყველა მათგანი. დანარჩენი 6 უბნის მონაცემები კი კომისიებმა საკუთარი ინიციატივით გადათვალეს.

ამასთან შეგახსენებთ, რომ პირველ ნოემბერს საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვალეს სავალდებულო 5-5 და ცესკოს მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე 2-2 უბნის, საერთო ჯამში 201 საარჩევნო უბნის მონაცემები”.-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *