ბადრი ესებუას მორიგი სასამართლო სხდომა 10 აპრილისთვის ჩაინიშნა

  • საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთლის თქმით, დღევანდელ პროცესზე ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმებოდა. აღნიშნულ მტკიცებულებებს ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზე გამოიკვლევს, რომელიც 10 აპრილს გაიმართება.

ბადრი ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე იმ მოწმეების გამოკითხვას ითხოვდა, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან. თუმცა, მისივე თქმით, მან მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, რომ აღნიშნული პირები შესაძლოა, დაბრუნდნენ ქვეყანაში სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ამიტომ მოითხოვა მათი გამოკითხვა შემდგომ სხდომებზე. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დასაშვებად ცნო.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *