ბაკურიანში, ზამთრის სეზონამდე, გზების დეპარტამენტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ჩაატარებს

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონის დაწყებამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მოწესრიგების სამუშაოებს განახორციელებს. ამ ეტაპზე გზის საფარის ქვედა ფენები მოეწყობა, რათა ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს გადაადგილება გაუადვილდეთ.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, კურორტზე ამჟამად წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რის გამოც საგზაო ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი რეაბილიტაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

არსებული მდგომარეობისა და ზამთრის სეზონზე ვიზიტორთა ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დასრულებამდე გზებზე ქვედა ფენები მოაწყოს. მიზანია, ზამთრის სეზონზე მცხოვრებთათვის და ვიზიტორებისთვის გადაადგილებისას კომფორტული და უსაფრთხო პირობები შეიქმნას, ხოლო მიმდინარე სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების (წყალმომარაგება და წყალარინება) დასრულების შემდეგ, ბაკურიანში საგზაო ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი რეაბილიტაცია განხორციელდება, რაც გზის საფარის საბოლოო ფენების მოწყობას, სანიაღვრე სისტემებისა და ტროტუარების მშენებლობას მოიცავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *