ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაასრულა

  • ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაასრულა.

უწყების ცნობით, ინვენტარიზაცია, ჯამში, 45 727 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა, რის საფუძველზეც შემუშავდება ტყის მართვის ათწლიანი გეგმა, რომელშიც მომდევნო ათი წლის განმავლობაში განსახორციელებელი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები განისაზღვრება. მათ შორისაა სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენის ღონისძიებები, სატყეო გზების მოწყობა და სხვა სამუშაოები.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ტყის ინვენტარიზაცია ტყის მართვის სამოქმედო გეგმის საფუძველია, რათა სწორად და ეფექტიანად დავგეგმოთ ყველა სახის სატყეო-სამეურნეო ღონისძიება მომავალი ათი წლისთვის“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბენაშვილმა.

დღეის მდგომარეობით, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულადაა განხორციელებული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 59% ფართობზე.

2026 წელს ინვენტარიზაციის სამუშაოები ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ჯამში, 238 ათას ჰექტარ ფართობზე ჩატარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *