- რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. კერძოდ, 10 ცალად დაფასოებული, 4,7744 გრ. ნარკოტიკული საშუალება მან რუსთავში, რამდენიმე ლოკაციაზე განათავსა, ხოლო 35 ცალად დაფასოებული, 13,65 გრ. – თბილისში, სპეციალურ სამალავში შეინახა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ორივე ქალაქში, სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

