სალომე ზურაბიშვილი: ეს კანონი არავის სჭირდება, გასაუქმებელია

  • ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით. ეს კანონი გასაუქმებელია, არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-დან მიმართვისას განაცხადა.

“მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე. მე აქ ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც მოვედით დღემდე. მე ვარ თქვენს გვერდით. დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში, არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას. ეს მომავალია, ის რომელსაც წინა თაობები ამზადებდნენ და ვამზადებდით ჩვენც. არავის აქვს უფლება, რომ თქვენ წაგართვან თქვენი მომავალი. არავის აქვს უფლება, რომ მახე დააგოს. ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით. ეს კანონი გასაუქმებელია. რა ფორმითაც გინდათ, არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში. ვენეციის კომისიამ კარგად იცის რა ტიპის კანონია. პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ვეტოს დავადებდი და დავადებ ვეტოს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *