სუსი: ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი

  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, რომლის ფარგლებშიც ლითონის ბოძები და მავთულხლართები უკანონოდ დაამონტაჟეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.

საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპციო ძალას“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *