შალვა პაპუაშვილი: დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი

  • დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგვაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ.

დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.

მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან საქართველო გახდა მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე. განცხადებები, დემარშები, რეზოლუციები, რომლებმაც უპრეცედენტო ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს.

ამ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდნენ როგორც ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

ერთადერთი რასაც ქართველი ხალხი დღეს მოელის და იმსახურებს, არის ის, რომ მათ, ვინც ეს ზიანი მიაყენეს საქართველოს, იმავე მონდომებით იზრუნონ მათი სიტყვით და საქმით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრაზე.

ეს იქნებოდა დასტური ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობის და პატივისცემისა“, – დაწერა შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *