შოთა თუთბერიძე – სტრასბურგის სასამართლომ თქვა, ვიდრე საჩივარს განიხილავს, მიზანშეუწონლად მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას დაავალოს სააკაშვილის სხვა ქვეყანაში დაუყოვნებლივ გადაყვანა

  • სტრასბურგის სასამართლომ თქვა, ვიდრე საჩივარს განიხილავს, მიზანშეუწონლად მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას დაავალოს მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში დაუყოვნებლივ გადაყვანა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის საბოლოო, ეს არის სარჩელის განხილვამდე სააკაშვილის გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით მიღებული პროცედურული გადაწყვეტილება ე.წ დროებითი ღონისძიების.

„ამ პროცედურულ საკითხზე ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში, მინიმუმ, იქამდე, ვიდრე საჩივრის განხილვა არ დასრულდება. დაცვის მხარის შუამდგომლობა გახლდათ, რომ სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, უფრო სწორად დაწყებამდეც კი, დაუყოვნებლივ დაევალებინა მთავრობისთვის, რომ სააკაშვილის გადაყვანა მომხდარიყო ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. მხოლოდ ეს პროცედურული ნაწილია, რაზეც დღესდღეობით მივიღეთ პასუხი, თუმცა, მთავარი ამ საკითხში გახლავთ საჩივრის არსებითი განხილვა. ევროსასამართლო ამ საკითხზე იმსჯელებს, ამ საჩივარს არსებითად განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ იქნება“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, საქმის არცერთ ეტაპზე არ დაუყენებიათ სააკაშვილის საქართველოს რომელიმე სხვა კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა და, შესაბამისად, ევროსასამართლო სახელმწიფოს ვერ დაავალებდა იმას, რასაც დაცვის მხარე არ ითხოვდა.

„შესაბამისად, არარსებულ მოთხოვნაზე მითითება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. აბსოლუტურად უსაფუძვლოა გარკვეული პანიკა, რომელიც სახელმწიფომ შექმნა და რომლის შექმნასაც ხელისუფლება ცდილობს. სამართლებრივი ბრძოლა სააკაშვილის საქმეზე არა თუ გრძელდება, არამედ, ვფიქრობ, შედის გადამწყვეტ ფაზაში. უფრო მეტიც, ევროსასამართლოს ამ პასუხს, ამ შეტყობინებას, საქართველოს ხელისუფლებამ არ ვფიქრობ, რომ დამატებითი კუდები უნდა გამოაბას, რადგან სასამართლოს არცერთი წუთით არ შეუტანია ეჭვი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეში. სასამართლოს არცერთი მინიშნება არ გაუკეთებია, რომ სააკაშვილი კარგად არის, როგორც იუსტიციის სამინისტროს ვერსია გახლდათ.  სასამართლოს არცერთი წუთით არ უთქვამს, რომ სააკაშვილის უფლებები საქართველოში არ ილახება. სასამართლომ თქვა, ვიდრე საჩივარს განიხილავს, მიზანშეუწონლად მიაჩნია, საქართველოს მთავრობას დაავალოს, დაუყოვნებლივი გადაყვანა სხვა ქვეყანაში, მათ შორის, სამკურნალო მიზნებით. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ცდილობს ბუზისგან სპილოს შექმნას, გარკვეული ნიშნის მოგებით საუბარს. დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო და სამართლებრივი კუთხით გამარჯვება ამ საქმეში ეკუთვნის და ექნება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რადგან სააკაშვილი ამ შემთხვევაში იბრძვის არა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ამას ბატონი ბრეგვაძე აცხადებს, არამედ იმ უსამართლობის, იმ რუსეთიზაციის წინააღმდეგ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *