სარფში არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები გამოვლინდა

  • 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 10 მარტის ჩათვლით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 224 453 აშშ დოლარი, 11 885 ევრო, 200 000 შვეიცარიული ფრანკი, 79 500 რუსული რუბლი, 4 200 თურქული ლირა და 723 300 (ლირა) ღირებულების ფასიანი ქაღალდები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 1 304 230.79 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში 36 000 ლარით დაჯარიმდნენ.

ამასთან, ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სხვა კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით (თანხის 10%- ის ოდენობა), 24 224,78 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ერთ შემთხვევაში დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხა მოქალაქეს სრულად ჩამოერთვა და მას სანქციის სახით ჯარიმა 581 489,76 ლარი შეეფარდა”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *