შსს განცხადებას ავრცელებს

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

უწყება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ გათავისუფლდნენ 5 ივლისს დაკავებულები, დაისაჯონ პირები, რომლებმაც პოლიციელებზე იძალადეს 7-8 მარტს გამართულ აქციებზე და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *