ქართული კინოკრიტიკის პორტალი შეიქმნა

  • კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ქართული კინოს ისტორიაში პირველი ქართული კინოკრიტიკის პორტალი შეიქმნა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებითა და სს ,,ქართული ფილმის“ ორგანიზებით, პირველად ქართული კინოს ისტორიაში შეიქმნა ქართული კინოკრიტიკის პლატფორმა – „ქართული კინოს მიმოხილვა“ (GEORGIAN FILM REVIEW). კულტურის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე პროექტის შესახებ მისმა ინიციატორმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პროექტის ხელმძღვანელებმა – კინორეჟისორმა და პროდიუსერმა ხათუნა ხუნდაძემ და კინოისტორიკოსმა ზვიად დოლიძემ და ,,ქართული ფილმის” დირექტორთა საბჭოს წევრმა, კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა – ისაუბრეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კულტურის კომიტეტის წევრი ბექა ოდიშარია, საქართველოს კინოაკადემიისა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი და კანცლერი გიორგი ხარებავა, კინორეჟისორები და კინოს კრიტიკოსები, ასევე პროექტის „თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ავტორები.

როგორც მინისტრმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, პროექტის – ,,თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“- ხელშეწყობის შემდეგ, კულტურის სამინისტრო მხარს უჭერს უპრეცედენტო პროექტს, კერძოდ პლატფორმას, სადაც ნებისმიერ კინოკრიტიკოსსა თუ კინოს თემაზე მომუშავე სტუდენტს საშუალება აქვს, დაწეროს თანამედროვე ქართული კინოს შესახებ. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პროექტი უპრეცედენტოა, რადგან აქამდე არ არსებობდა პლატფორმა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა როგორც თანამედროვე, ისე უფროსი თაობის კინოკრიტიკოსების ნამუშევრები და სხვა საინტერესო მასალა ქართული კინოს შესახებ. კინომცოდნეობის სტუდენტებს კი პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, მოამზადონ სტატიები სტუდენტურ ფილმებზე. პროექტისათვის მიმდინარე წელს კულტურის სამინისტრომ 60 000 ლარი გამოყო.

ორენოვან პორტალზე https://gfr.ge ქართული კინოთი დაინტერესებული როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კინომოყვარული გაეცნობა ქართული კინოს ისტორიას, თანამედროვე ქართული კინოს თავისებურებებს, ტენდენციებს, ძირითად ასპექტებსა და ახალ ფილმებს. მკითხველი ასევე ნახავს ფოტომასალას ქართული კინოს ისტორიიდან და წაიკითხავს უფროსი თაობის კინოკრიტიკოსების მიერ ადრეულ წლებში დაწერილ საუკეთესო რეცენზიებს.

კინოთეატრ ,,კავეასა“ და პორტალ ,,კავეა+“-თან თანამშრომლობით, პროექტის მონაწილე კინოკრიტიკოსებსა და ამ თემაზე მომუშავე სტუდენტებს ყველა თანამედროვე ქართული ფილმის პრემიერაზე დასწრებისა და ვებგვერდზე https://www.cavea.plus ბოლო წლებში გადაღებული ქართული ფილმების ნახვის საშუალება მიეცემათ.

ვებგვერდი ორენოვანია. ინგლისურად ნათარგმნი რეცენზიები ქართული ფილმების ერთგვარი მეგზური იქნება საერთაშორისო ასპარეზზე.

პორტალზე მუშაობის პროცესში მონაწილეობენ პროფესიონალი და კინომცოდნეობის სტუდენტები, რომელთა ანალიტიკური სტატიები ქართულ პროფესიულ თუ სტუდენტურ მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ ნამუშევრებზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კინოკრიტიკის განვითარებასა და ეროვნული კინემატოგრაფის პოპულარიზაციაში.

დეტალები და სტატიები იხილეთ ვებგვერდზე www.gfr.ge.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირსა და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრთან ერთად, 2021 წლიდან წარმატებით ხორციელდება პროექტი „თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“. პროექტის ფარგლებში თეატრის პროფესიონალი მკვლევრები, თავიანთი სურვილის მიხედვით, აკვირდებიან თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე იმ შემოქმედებით პროცესს, რომლის შეფასება/ანალიზიც სურთ. ისინი სისტემატურად სტუმრობენ თბილისისა და რეგიონების თეატრებს. ელექტრონულ პორტალზე https://www.theatrelife.ge/. არაერთი სტატია თუ რეცენზიაა ხელმისაწვდომი თეატრით დაინტერესებული მაყურებლისთვის. კულტურის სამინისტროს დაფინანსებით თავდაპირველად პროექტის განხორციელებას ხელს უწყობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოება, მიმდინარე წელს კი, კვლავაც კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, პროექტი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით ხორციელდება.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *